ხშირად დასმული შეკითხვები

kitxva 1

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები

როგორ დავრეგისტრირდე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე?
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე აპლიკანტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, (“online” რეჟიმში),  რეგისტრაციის გამოცხადებიდან მინიმუმ 14 დღის განმავლობაში. საბუთების მიღების ბოლო დღეს რეგისტრაციის ფუნქცია პროგრამულად ითიშება და დაგვიანებით შემოსული საბუთები არ მიიღება. გამოცდაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ვებ გვერდზე: edu.gba.ge

რა საბუთები დამჭირდება  ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის?
გამოცდაზე რეგისტრაციისთვის,  ელექტრონულ პორტალში უნდა ატვირთოთ: უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი და/ან ცნობა), პირადობის მოწმობა, ფერადი ფოტოსურათი და გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. გამოცდაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 160 ლარს.

უმაღლესი იურიდიული განათლება მივიღე საზღვარგარეთ. შემიძლია მონაწილეობა მივიღო ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში?
ასეთ შემთხვევაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისას, უნდა წარმოადგინოთ ცნობა/წერილი “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან”, თქვენი  დიპლომის აღიარების შესახებ.

შესაძლებელია თუ არა, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე  ერთდროულად ორ სპეციალიზაციაზე დარეგისტრირება?
რეგისტრაციის გავლა ერთდროულად ორ სპეციალიზაციაზე დაუშვებელია.

რა საშუალებით შევიტყობ, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის წარმატებით დასრულების ან რეგისტრაციის დროს ხარვეზის დადგენის  შესახებ, ინფორმაციას?
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტის პორტალში, მიიღებთ შეტყობინებას, გამოცდაზე წარმატებით ან წარუმატებლად დარეგისტრირების შესახებ. რეგისტრაციისას ხარვეზის აღმოჩენის  შემთხვევაში, დაგიბრუნდებათ განაცხადი და მოგეცემათ შესაძლებლობა გამოასწოროთ მითითებული ხარვეზი,  გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე.

რამდენი ქულის მიღებაა საჭირო იმისთვის, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ჩამეთვალოს?
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ჩაგეთვლებათ, თუ მოაგროვებთ 100 ქულიდან   75 ან მეტ ქულას.

შესაძლებელია თუ არა გამოცდაზე გამოვიყენო ნორმატიული მასალა?
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე აპლიკანტს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. აპლიკანტი, რომელიც შემჩნეული იქნება ასეთი მასალის გამოყენებაში მოიხსნება გამოცდიდან  და დაეწერება შეფასება – 0 ქულა.

თუ გამოცდაზე დარეგისტრირების შემდეგ, ვერ შევძლებ გამოცდაზე გამოსვლა საპატიო მიზეზის გამო,  შესაძლებელია, შესაბამისი ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, გამოცდა სხვა დღეს ჩავაბარო?
ადვოკატთა გამოცდების მომზადებისა და ჩატარების სამდივნო არ ითვალისწინებს გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიზეზს და არ აკმაყოფილებს აპლიკანტის მოთხოვნას დამატებითი გამოცდის  ჩატარების შესახებ. მომდევნო გამოცდაზე გამოსვლის შემთხვევაში, ხელახლა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და გადაიხადოთ გამოცდის საფასური.

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში ვერ დავაგროვე გამსვლელი ქულა, სად და რა ვადაში  შემიძლია გავასაჩივრო შედეგი?
გამოცდის შედეგების გასაჩივრება ხდება ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ოფისში, სპეციალურად გასაჩივრებისთვის განკუთვნილ დარბაზში. გამოცდის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს გამოცდის დასრულებიდან, 5 სამუშაო დღის განმავლობაში (11:00 საათიდან 17:00 საათამდე), თუ მიმდინარე გამოცდებისთვის, ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ, სხვა ვადა არ არის დადგენილი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საჩივრები არ მიიღება.

მაქვს თუ არა უფლება გასაჩივრებისთვის დავიხმარო სხვა პირი?
გასაჩივრებისთვის განკუთვნილ დარბაზში, აპლიკანტების და დამკვირვებლების გარდა, სხვა პირთა დაშვება  აკრძალულია.

ფასიანია თუ არა გასაჩივრება?
გასაჩივრება ფასიანია. ერთი საგამოცდო ტესტის გასაჩივრების ღირებულება შეადგენს 10 (ათ) ლარს. აპლიკანტს, რომელიც ვერ დააგროვებს გამსვლელ ქულათა საკმარის რაოდენობას, უფლება აქვს გაასაჩივროს  გამოცდის შედეგი, გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.

რა ცოდნას მივიღებ, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ, გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებზე?
გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი ითვალისწინებს გამოცდის თეორიული მასალის, უახლესი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ტესტის/კაზუსის ამოხსნის მეთოდების შესწავლას.

როგორ დავრეგისტრირდე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელ კურსზე და რამდენია კურსის ღირებულება?
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ვებ გვერდზე edu.gba.ge 
კურსზე დარეგისტრირებისთვის უნდა შეავსოთ განაცხადი და წარმოადგინოთ კურსის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

რამდენია მოსამზადებელი კუსრის საფასური?
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელ კურსზე მონაწილეობის საფასური, საერთო სპეციალიზაციის განხრით, შეადგენს (600) ლარს, ხოლო სისხლის ან სამოქალაქო სამართლის  სპეციალიზაციის განხრით (550) ლარს.

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია მხოლოდ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტისთვის არის შესაძლებელი?
გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებული პირს.

kitxva 2     განგრძობადი იურიდიული განათლება და სავალდებულო კრედიტები

 

სად მივიღო ინფორმაცია აკრედიტებული საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ?
ტრენინგების და სხვა აკრედიტებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ადვოკატთა ასოციაციიის სასწავლო ცენტრის ვებ გვერდზე edu.gba.ge

როგორ დავრეგისტრირდე აკრედიტებულ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე?
edu.gba.ge → ტრენინგების გვერდზე აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო საგანმანათლებლო  ღონისძიება, სასურველი თარიღი და დაგვიკავშირდით, სასწავლო ცენტრის ცხელი ხაზის ნომრებზე: (+995 32) 2 98 78 78 ;    +995 555070786 ;   +995 555007708 ;   +995 555010605)

რამდენი სავალდებულო კრედიტი მაქვს დასაგროვებელი მიმდინარე წელს?
მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (1 იანვარი – 20 დეკემბერი)  უნდა დააგროვოთ 12 სავალდებულო კრედიტი.

წელს აღვიდგინე ადვოკატის უფლებამოსილება, როდიდან შემეძლება საგანმანათლებლო ღონისძიებების გავლა?
სტატუსის აღდგენის შემდეგ, სავალდებულო კრედიტები უნდა დააგროვოთ მიმდინარე წლის,  20 დეკემბრამდე, ხოლო მიმდინარე წლის, 30 ნოემბრის შემდეგ, სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კრედიტების დაგროვება ხდება მომდევნო წლის საანგარიშო პერიოდში.

წელს გავწევრიანდი ადვოკატთა ასოციაციაში, რა ტრენინგებია ჩემთვის სავალდებულო?
თქვენთვის სავალდებულოა მხოლოდ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ტრენინგის გავლა.

ვარ სისხლის სპეციალიზაციის ადვოკატი, თუმცა ჩემთვის საინტერესოა სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატებისათვის განკუთვნილი ტრენინგებიც, შემიძლია თუ არა ასეთ ტრენინგში მონაწილეობა?
დიახ, შეგიძლიათ, რადგან საგანმანათლებლო ღონისძიებები არ არის განსაზღვრული სპეციალიზაციების მიხედვით.

შემიძლია თუ არა დამატებით დაგროვილი კრედიტების მომდევნო წლისათვის გადატანა?
მომდევნო წლისათვის შეგიძლიათ 5 კრედიტის გადატანა.

რას ნიშნავს ონლაინ სწავლების პლატფორმა (OLP) ?
OLP
არის პლატფორმა, რომელიც გაძლევთ, საშუალებას  სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად გაიაროთ თქვენთვის სასურველი ტრენინგი. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილეთ ვებ გვერდი  olp.abarol.ge

შემიძლია თუ არა OLP ტრენინგებით წლის განმავლობაში სავალდებულო  კრედიტების სრულად დაგროვება?
თქვენ შეგიძლიათ OLP ტრენინგებით დააგროვოთ მინიმუმ 10 კრედიტი თქვენი, თუმცა სავალდებულო ეთიკის ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, რომელსაც 2 კრედიტი ენიჭება, უნდა დაგვიკავშირდეთ სასწავლო ცენტრის ცხელი ხაზის ნომრებზე (+995 32) 2 98 78 78 ;    +995 555070786 ;   +995 555007708 ;   +995 555010605).

დარეგისტრირებული  ვიყავი ტრენინგზე, მაგრამ, სამწუხაროდ ვერ ვახერხებ დასწრებას, როგორ შეიძლება მოვიქცე?
თუ ტრენინგზე დარეგისტრირების შემდეგ, ვერ ახერხებთ ტრენინგზე დასწრებას, ვალდებული ხართ, მინიმუმ 7 დღით ადრე, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს, აცნობოთ ამის შესახებ. 2 გაცდენის შემთხვევაში მომდევნო ტრენინგებზე დასწრება ფასიანია.

რა შემთხვევაში ვრცელდება შეღავათი კრედიტების დაგროვებასთან დაკავშირებით?
შეღავათით ისარგებლებთ იმ შემთხვევაში თუ: ატარებთ ტრენინგებს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის, თქვენი ავტორობით გამოცემული გაქვთ იურიდიული შინაარსის წიგნი, ან რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული გაქვთ იურიდიული შინაარსის პუბლიკაცია.

თუ მიმდინარე  წლის განმავლობაში ვერ დავაგროვებ 12 კრედიტს რა სახის სანქცია დამეკისრება?
თუ მიმდინარე წლის განმავლობაში (1 იანვარიდან 20 დეკემბრამდე) ვერ დააგროვებთ სავალდებულო კრედიტებს,  ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრიდან მიიღებთ შეტყობინებას და ფასიანი ტრენინგის გასავლელად მოგეცემათ სამთვიანი ვადა.