პროექტები

2011–2013 წწ. სასწავლო ცენტრისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები

პროექტი “ადვოკატთა პროფესიული ეთიკა”.
განგრძობადი იურიდიული განათლების კონცეფციის საფუძველზე სასწავლო ცენტრმა აიღო პასუხისმგებლობა ორგანიზება გაეწია ადვოკატთა ტრენინგებისთვის პროფესიული ეთიკის შესახებ. 2011 წელს ცენტრის მიერ შემუშავდა პროექტი “ეთიკა განგრძობად იურიდიულ განათლებაში”, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისსა და ქუთაისში ადვოკატთა პროფესიული ეთიკის შესახებ ტრენინგების ორგანიზებას. პროფესიული ეთიკის შესახებ პროექტის საფუძველზე 2012 წლიდან, დღემდე, ადვოკატთა ტრენინგების ორგანიზება ხორციელდება  USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის JILEP-ის თანადაფინანსებით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს East West Management Institute–ი.

პროექტი “სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა”.
2012 წელს სასწავლო ცენტრისა და საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის წარმომადგენლობის (NORLAG–ის) მიერ შემუშავდა პროექტი, რომლის თანახმადაც 2012 წლიდან 2013 წლის მაისის ჩათვლით, სასწავლო ცენტრი ორგანიზებას უწევდა ადვოკატთა ტრენინგებს თემაზე “სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა სისხლის სამართლის საქმეებზე, უდანაშაულობის პრეზუმპცია და მხარეთა თანასწორობა”. პროექტი ითვალისწინებდა სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლებას. ტრენინგები ჩატარდა ქ. თბილისსა და ქუთაისში.

პროექტი ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.
2013 წელს, სასწავლო ცენტრსა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა პროექტი, რომლის თანახმადაც 2013–2014 წწ. სასწავლო ცენტრი ორგანიზებას გაუწევს ადვოკატთა ტრენინგებს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. პროექტი ითვალისწინებს სასწავლო მოდულის შემუშავებას, ტრენერთა ჯგუფის შექმნას, პროექტით გათვალისწინებულ საკითხებზე, ყველა სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლებას და იურიდიული კლინიკების ფარგლებში, სტუდენტთა ცოდნის გაღრმავებას. პროექტის საგანმანათლებლო ღონისძიებები და აქტივობები განხორციელდება ქ. თბილისში, ქ. თელავსა და ქ. ზუგდიდში.

პროექტი „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის საკითხებზე”.
ევრო კავშირსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2013–2014 წწ. სასწავლო ცენტრი ორგანიზებას გაუწევს ტრენინგებს ადვოკატებისთვის, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის საკითხებზე”. პროექტი ითვალისწინებს სასწავლო მოდულების შემუშავებას, ტრენერთა ჯგუფის შექმნას, პროექტით განსაზღვრულ საკითხებზე, ყველა სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ცოდნის გაღრმავებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. პროექტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო ღონისძიებები განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

პროექტი “ადვოკატთა ტრენინგები სამოქალაქო სამართლის საკითხებზე“.
პროექტის ფარგლებში სამოქალაქო სამართლის საკითხებზე ტრენინგების ორგანიზების მიზნით, სასწავლო ცენტრმა, 2013 წლის გაზაფხულზე, გამოაცხადა სპიკერების შესარჩევი კონკურსი და კონკურსის შედეგად შერჩეულ იქნა 9 სპიკერი. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატებისთვის ტრენინგების ორგანიზებას.
ტრენინგები ტარდება 2012–2013წწ. ადვოკატთა გამოკითხვის საფუძველზე გამოვლენილი აქტუალური საკითხების მიხედვით. 2013 წელს ჩატარდა ტრენინგები თემებზე: ინტელექტუალური საკუთრება, ქონების რეგისტრაცია, ხელშეკრულების განმარტება, კონდიქციური და ვინდიკაციური სარჩელები – გამოყენების სფერო, მეთოდები და საშუალებები, ბრალეული და ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა დელიქტურ სამართალში, საერთაშორისო კომერციული, ბიზნეს ხელშეკრულების დადება, დავის განმხილველი სასამართლო და შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება, არბიტრაჟი, მედიაცია, ფულადი ვალდებულებები, ხელშეკრულებიდან გასვლა და მოთხოვნის უზრუნველყოფა. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება 2014 წლის ივნისის ჩათვლით. აღნიშნულ პროექტში საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება USAID-ის მართლმსაჯულების, დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის JILEP-ის თანადაფინანსებით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს East West Management Institute–ი.

პროექტი “ადამიანის უფლებები, მართლმსაჯულების განხორციელებისას”.
პროექტის ფარგლებში მომზადდა 2 სასწავლო მოდული შემდეგ საკითხებზე: „ბავშვთა უფლებები სამოქალაქო სამართალში“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თავისებურებანი, მედიაცია და განრიდება“. აღნიშნული მოდულების მიხედვით, 2013 წელს, ტრენინგები ჩატარდა ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატებისთვის. პროექტი განხორციელდა ადვოკატთა ასოციაციისა და შვეიცარიის საელჩოს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.