ისტორია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველობის სფეროში მოქმედი ინსტიტუტი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონის „ადვოკატთა შესახებ“  და ადვოკატთა ასოციაციის წესდების შესაბამისად.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიზანია იყოს წამყვანი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის, სპეციალიზებულ, პროფესიულ, იურიდიული სწავლების შესაძლებლობას მოქმედი და მომავალი ადვოკატებისთვის და იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებისთვის.

2006 წლიდან დღემდე სასწავლო ცენტრი ორგანიზებას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებს, ხოლო 2008 წლიდან ინტენსიურად ატარებს ტრენინგებს, სემინარებს, ლექციებს, კურსებს, კონფერენციებსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის და იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებისთვის. ამავე წლიდან ცენტრი აქტიურად არის ჩართული ყველა იმ ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

სასწავლო ცენტრი, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, თანამშრომლობს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ, 2012 წელს დამტკიცებული განგრძობადი იურიდიული განათლების კონცეფციის საფუძველზე ამოქმედდა განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემა, რომლის ფარგლებშიც, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის სავალდებულო გახდა საგანმანათლებლო კრედიტ–საათების დაგროვება. 2012 წლიდან სასწავლო ცენტრის საქმიანობა მიზანმიმართულია განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემის განვითარებისა და დახვეწისაკენ.

2012 წლის ბოლოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, განგრძობადი იურიდიული განათლების მარეგულირებელი კომისია გაუქმდა და შეიქმნა სასწავლო ცენტრის საგანმანათლებლო საბჭო, რომელიც არის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სათათბირო ორგანო. იგი შეიმუშავებს საგანმანათლებლო სტრატეგიას, პროფესიაში მიღებისა და განგრძობადი იურიდიული განათლების სტანდარტებს, წესებს და განსაზღვრავს სასწავლო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს.