ტრენინგი კლიენტთა კონსულტირების უნარ–ჩვევებში!

biznes samartlis centri

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI-PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით, აცხადებს კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში ტრენინგისთვის მონაწილეების შერჩევას.

ტრენინგის შესახებ:

პრაქტიკოსი ადვოკატის ყოველდღიურ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კლიენტთან ურთიერთობას. თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების პირობებში კლიეტთან ურთიერთობა სხვადასხვა ფორმით არის შესაძლებელი. თუმცა, მიუხედავად იმისა, პირისპირ ხდება კლიენტთან ურთიერთობა თუ, მაგალითად, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კლიენტის ინტერესების სათანადოდ დაცვისათვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია კლიენტის ინტერესების სწორად გაგება. ამისათვის კი აუცილებელია ადვოკატმა კლიენტისგან სრულად მიიღოს წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რისთვისაც, თავის მხრივ, საჭიროა რომ კლიენტთან ურთიერთობის ადრეული ეტაპიდანვე ადვოკატმა მოიპოვოს კლიენტის ნდობა.

საადვოკატო პრაქტიკაში წარმატება ფარდობითი ტერმინია – მას არ აქვს აბსოლუტური მნიშვნელობა და არ ნიშნავს ყველა სასამართლო დავაში უპირობო გამარჯვებას ან გარიგების გაფორმებისას კლიენტის სურვილების სრულად, 100 პროცენტით მიღწევას. ამდენად, კლიენტის ინტერესების სწორად გაგებასთან ერთად, საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას, მნიშვნელოვანია ადვოკატმა სწორად მართოს კლიენტის მოლოდინები, სამართლებრივი და მორალური საკითხების გათვალისწინებით.

ამდენად, საადვოკატო საქმიანობაში წარმატების მისაღწევად არ არის საკმარისი ზოგადი სამართლებრივი პრინციპებისა და/ან კონკრეტული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე კლიენტთან სწორი ურთიერთობა.

სწორედ ამ საკითხების შესწავლას, მათზე მსჯელობას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას ემსახურება შემოთავაზებული ტრენინგი.

ტრენინგში მონაწილეობა არის უფასო. ხარჯები სრულად ფინანსდება ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI-PROLoG) მიერ.

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები ჩაეთვლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში სავალდებულო კრედიტ-საათებად.

ტრენინგი ჩატარდება 2017 წლის 2 დეკემბერს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

მონაწილეობის წინაპირობები:

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, რომლებმაც 2016-2017 წლებში წარმატებით ჩააბარეს ადვოკატის გამოცდა და შემდეგ გაწევრიანდნენ ადვოკატთა ასოციაციაში.

ტრენინგში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით

უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და ატვირთონ CV

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CV-ის გარეშე განაცხადი არ განიხილება.

შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

საკონტაქტო პირითამარ მაღრაძე

t.maghradze@freeuni.edu.ge

ტელ.: 593 30 48 41

usaidprolog