სასწავლო ცენტრის დებულება

ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის

სასწავლო ცენტრის

 

თავი I. ზოგადი დებულებები

ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – „ცენტრი“) არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველობის სფეროში მოქმედი ინსტიტუტი, რომელიც შექმნილია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე მუხლის მესამე პუნქტისა და ადვოკატთა ასოციაციის წესდების მე–6 მუხლის 6.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სასწავლო ცენტრის მისიაა ვასწავლოთ და გავუზიაროთ გამოცდილება, ადვოკატებს და დაინტერესებულ პირებს უწყვეტად და ხარისხიანად.
მუხლი 1.
ცენტრი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ადვოკატთა ასოციაციის წესდებითა და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 2.
ცენტრს, ადვოკატთა ასოციაციის საბანკო ანგარიშზე აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, რომლის ოდენობა, წლიურ ბიუჯეტში განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ და ასევე ცალკე ანგარიში.                       
მუხლი 3.
ცენტრი ანგარიშვალდებულია ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და საგანმანათლებლო საბჭოს წინაშე.
მუხლი 4.
ცენტრს გააჩნია თავისი ლოგო, რომელსაც სასწავლო ცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
მუხლი 5.
ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N33, II სადარბაზო I სართული.

თავი II. ცენტრის მიზნები, ფუნქციები

და საქმიანობის საგანი

მუხლი 6. ცენტრის მიზანი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიზანია, უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის, სპეციალიზებულ, პროფესიულ იურიდიული სწავლების შესაძლებლობა მოქმედი და მომავალი ადვოკატებისთვის და იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებისთვის.
მუხლი 7. ცენტრის საქმიანობის საგანი და ფუნქციები
დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად ცენტრი:
ა) ორგანიზებას უწევს საგანამანათლებლო ღონისძიებებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის და იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებისთვის;
ბ) განგრძობადი იურიდიული განათლების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობისთვის შეიმუშავებს და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს;
გ) ერთობლივი საგანამანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან;
დ) შეიმუშავებს დამოუკიდებელ სასწავლო პროგრამებს და აკრედიტაციის მისაღებად მიმართავს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს;
ე) სპეციალური გამოკითხვების მეშვეობით, ყოველწლიურად განსაზღვრავს ადვოკატთა ტრენინგ საჭიროებებს;
ვ) ადვოკათა ასოციაციის წევრთა ერთიან სიაში საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილე და ასევე კრედიტ–დავალიანბის მქონე ადვოკატთა აღრიცხვა;
ზ) საგანამანათლებლო ღონისძიებებისთვის შეიმუშავებს დამხმარე და მეთოდოლოგიურ ლიტერატურას;
თ) სხვა ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული ფასიანი/უფასო საგანმანათლებლო ღონისძიების შემთხვევაში, სასწავლო ცენტრი, გაწეული მომსახურებისთვის (სასწავლო ცენტრის მიერ ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება, ღონისძიების მონაწილეთა შერჩევა, რეგისტრაცია, ჯგუფების შედგენა, ცენტრის ფართის გამოყენება და სხვა მომსახურება) განსაზღვრავს საფასურს;
ი) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებს;
კ) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს;
ლ) ამზადებს ადვკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების სტატისტიკურ მონაცემებს;
მ) ორგანიზებას უწევს სპიკერთა/ტრენერთა შესარჩევ კონკურსებს;
ნ) ახორციელებს აკრედიტებული საგანმანათლებლო ღონისძიებების მონიტორინგს;
ო) შეიმუშავებს სასწავლო ცენტრის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას;
პ) ყოველი წლის ბოლოს  ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს  წარუდგენს ანგარიშს სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და პროექტების შესახებ;
ჟ) ასრულებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს.

თავი III. ცენტრის აპარატი და კომპეტენციის სფერო

მუხლი 8. ცენტრის აპარატი
8.1 ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო თავმჯდომარის წარდგინებით.
8.2 ცენტრის საქმიანობას ახორციელებენ ცენტრის თანამშრომლები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, სასწავლო ცენტრის დირექტორის წარდგინებით.
8.3 სასწავლო ცენტრის სტუქტურასა და საშტატო განრიგს სასწავლო ცენტრის დირექტორი დასამტკიცებლად წარუდგენს აღმასრულებელი საბჭოს.
მუხლი 9.
9.1 სასწავლო ცენტრის დირექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად;
ბ) ახორციელებს ცენტრის საერთო, ყოველდღიურ ხელმძღვანელობას;
გ) განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს;
დ) აფორმებს მემორანდუმებს ცენტრსა და საგანმანათლებლო  დაწესებულებებს/ ორგანიზაციებს შორის;
ე) დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით, ახორციელებს ცენტრის ფინანსური სახრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას და პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე;
ვ) ხელს აწერს ცენტრის ოფიციალურ დოკუმენტებს;
ზ) ცენტრის მიზნების განსახორციელებლად, საგანმანათლებლო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო პროექტების შემუსავებას და მათი განხორციელებისათვის, დაფინანსების მოსაპოვებლად, რეკომენდაციით მიმართავს აღმასრულებელ საბჭოს და/ან ზრუნავს გრანტის მოპოვებაზე;
თ) მიმდინარე პროექტების პერიოდში, განსაზღვრავს პროექტის განმახორციელებელი თანამშრომლების ვინაობას;
ი) წარმოადგენს ცენტრს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
კ) ორგანიზებას უწევს სპიკერთა/ტრენერთა შესარჩევ კონკურსებს;
ლ) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებს;
მ) აღმასრულებელ საბჭოს და საგანმანათლებლო საბჭოს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
ნ)  ასრულებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს.
9.2 ცენტრის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის მოვალეობას  ასრულებს ცენტრის ერთ–ერთი თანამშრომელი.

თავი IV. ცენტრის დაფინანსება

მუხლი 10.
ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) ადვოკატთა ასოციაციის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტებიდან მიღებული თანხები;
ბ) ფასიანი საგანმანათლებლო ღონისძიებებიდან მიღებული თანხები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა  შემოსავლები.

თავი V. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 11.
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.