საგანმანათლებლო საბჭოს დებულება

ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის

საგანმანათლებლო საბჭოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

                                  (დამტკიცებულია ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2018 წლის 12 იანვარს)

პრეამბულა

ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭო (შემდგომში „საბჭო“) არის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს საგანმანათლებლო სტრატეგიას, პროფესიაში მიღების, განგრძობადი იურიდიული განათლების და ადვოკატთა სტაჟირების სტანდარტებს/ წესებს, მათ შესახებ რეკომენდაციებს და წარუდგენს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად, ასევე მონიტორინგს უწევს სასწავლო ცენტრის საქმიანობას, განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და პრიორიტეტებს.

მუხლი 1. საგანმანათლებლო საბჭოს შექმნის და კომპლექტაციის წესი

1.1. საგანმანათლებლო საბჭო შედგება 7 წევრისგან.

1.2. საბჭოში თანამდებობრივად (ex-officio) შედის აღმასრულებელი საბჭოს საგანმანათლებლო მიმართულების კოორდინატორი/ხელმძღვანელი წევრი და რომელიც, ამასთანავე, წარმოადგენს საბჭოს თავმჯდომარეს.

1.3. საბჭოს ორ წევრს ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან. აღმასრულებელ საბჭოს აღნიშნულ თანამდებობაზე ერთიდაიგივე წევრი შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთხელ.

1.4. საბჭოს ერთ წევრს ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ასოციაციის ბაზაზე მოქმედი კომიტეტების თავმჯდომარეთაგან სამართლის დარგის აქტუალობისა და საჭიროებებიდან გამომდინარე. აღნიშნული კვოტით ერთიდაიგივე პირი შეუძლია არჩეულ იქნეს მხოლოდ ერთხელ.

1.5. საგანმანათლებლო საბჭოს დარჩენილ 3 წევრს, ადვოკატთა პროფესიის წინაშე მდგარი გამოწვევების და სტრატეგიული განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. ასეთი წევრი უნდა იყოს იურიდიულ პროფესიაში (სფეროში) მოღვაწე, სათანადო გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტი.

1.6. საბჭოს შემადგენლობა აღმასრულებელი საბჭოს მიერ მტკიცდება  2  წლის  ვადით  და  მათი უფლებამოსილების  ვადა  გრძელდება  ახალი  წევრების  არჩევამდე.

1.7. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს საბჭოს ერთი ან რამდენიმე წევრი და აირჩიოს შემცვლელილ წევრი.

1.8. საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ადვოკატის ან ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის ანდა კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა;

გ) კანონით და წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

მუხლი 2.  საგანმანათლებლო საბჭო და აღმასრულებელი საბჭო

საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აღმასრულებელ საბჭოს შემდეგ საკითხებზე:

  • პროფესიაში მიღების სტანდარტები და წესები;
  • ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო სტრატეგია;
  • განგრძობადი იურიდიული განათლების პოლიტიკა და მონიტორინგი;
  • სავალდებულო კრედიტ-საათების რაოდენობა;
  • ადვოკატთა სტაჟირების წესი და პროგრამები;
  • სასწავლო ცენტრის საქმნიანობის პრინციპები და მონიტორინგი;
  • სასწავლო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები მიმდინარე წლისთვის;
  • სასწავლო პროგრამები და სილაბუსები;
  • საგანმანათლებლო ღონისძიებების და ინსტიტუციონალური აკრედიტაცია;
  • ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული პარტნიორების განსაზღვრა საგანმანათლებლო მიმართულები;
  • საერთაშორისო და ლოკალური საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება.

მუხლი 3. საგანმანათლებლო საბჭო და ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი

 საბჭო ახორციელებს ზედამხედველობას სასწავლო ცენტრის შემდეგი საქმიანობის განხორციელებისას:

  • აკრედიტებული საგანმანათლებლო ღონისძიებების მონიტორინგი;
  • ექსპერტების/ტრენერების შერჩევის კრიტერიუმების დადგენა;
  • ტრენერთა/სპიკერთა შესარჩევი კონკურსები;
  • კვლევები და სტატისტიკური მონაცემები;
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ხარისხის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე გამოვლენილი ხარვეზიანი ტესტების განხილვა.

მუხლი 4. საგანმანათლებლო  საბჭოს საქმიანობის წესი

4.1. საბჭოს სხდომას კოორდინაციას უწევს, თავმჯდომარეობს და შესაბამის ოქმს ადგენს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში – ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში საბჭო თავად ირჩევს სხდომის წამყვან პირს.

4.2. საბჭოს სხდომებს განსაზღვრული დღის წესრიგით იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.

4.3. საბჭო იკრიბება მინიმუმ თვეში ერთხელ და განიხილავს დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს; დღის წესრიგში დამატების შეტანის უფლება აქვს საბჭოს ნებისმიერ წევრს.

4.4. საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება 4 ან მეტი წევრი, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით.

4.5. საბჭოს სხდომებში მონაწილეობა შესაძლებელია პირადად ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც იძლევა მონაწილე პირის იდენტიფიკაციის საშუალებას

4.6. საბჭოს გადაწყვეტილება  ფორმდება  წერილობით  და   მას  ხელს  აწერს  სხდომის თავმჯდომარე.

4.7. საბჭოს ჰყავს კოორდინატორი, რომელსაც საბჭო თავად შეარჩევს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კოორდინატორთაგან.

5.დასკვნითი დებულებები

5.1. წინამდებარე დებულების ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს დამტკიცებისთანავე საგანმანათლებლო საბჭოს მოქმედ წევრებს შეუწყდებათ უფლებამოსილება.