მოსამზადებელი კურსების დებულება

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის

მოსამზადებელი კურსების დებულება

მუხლი 1. მოსამზადებელი კურსების მნიშვნელობა

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები  არის ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული სასწავლო პროცესი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის სიღრმისეულად შეისწავლონ საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული სამართლის დარგები და საგამოცდო კითხვების ამოხსნის მეთოდოლოგია.

მოსამზადებელი კურსის მონაწილეებისთვის, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების წელს, არ არის სავალდებულო დაესწრონ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში დაგეგმილ  ღონისძიებებს.

მუხლი 2. მოსამზადებელი კურსების ორგანიზატორი

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებს ორგანიზებას უწევს ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი.

მუხლის 3. მოსამზადებელი კურსების განხორციელების სისტემა

  1. კურსებზე სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული საგამოცდო პროგრამის მიხედვით.
  2. ლექციები ტარდება წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით.
  3. სწავლება ხორციელდება შესაბამისი სპეციალიზაციის განხრით.
  4. მოსამზადებელი კურსის მიმდინარეობის პერიოდში, მონაწილეებს უტარდებათ იმიტირებული გამოცდები კურსის პროგრამით გათვალისწინებულ ყველა საგანში.
  5. იმიტირებულ გამოცდებს მონაწილეები აბარებენ კურსისთვის შედგენილი სავარჯიშო კითხვების მეშვეობით და ისეთივე პრინციპით, როგორც საკვალიფიკაციო გამოცდას.

მუხლი 4. მოსამზადებელი კურსებისთვის მოწვეული ექსპერტები

  1. კურსებზე ლექციებს კითხულობენ მოწვეული ან კონკურსის შედეგად შერჩეული ექსპერტები.
  2. 2.   კონკურსის შემთხვევაში, კურსების დაწყებამდე ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს ექსპერტთა შესარჩევ კონკურსს.

მუხლი 5. კურსებზე რეგისტრაცია

  1. კურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. კურსებზე შესაძლებელია დარეგისტრირდეს, როგორც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილე, ისე სხვა დაინტერესებული პირი.
  2. კურსზე დარეგისტრირების მსურველმა, ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, უნდა წარმოადგინოს შევსებული აპლიკაცია და კურსის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მუხლი 6. კურსის საფასური

კურსებზე დასწრება ფასიანია, კურსის საფასურს განსაზღვრავს ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი.

მუხლი 7. კურსებში მონაწილეობა ხელმეორედ

კურსში მონაწილეობის უფლება დაინტერესებულ პირს ეძლევა შეუზღუდავად.

მუხლი 8. კურსზე ლექციების რაოდენობა და პერიოდულობა

საგამოცდო პროგრამის მოცულობის გათვალისწინებით, ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი განსაზღვრავს მოსამზადებელ კურსებზე ლექციების რაოდენობას და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების პერიოდულობის გათვალისწინებით  მოსამზადებელი კურსების განრიგს.