განგრძობადი იურიდიული განათლების წესები

განგრძობადი იურიდიული განათლების წესები

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, ასოციაციის წესდების 151 მუხლის შესაბამისად, ადგენს განგრძობადი იურიდიული განათლების (შემდგომში გ.ი.გ-ის) სისტემას, ყველა პრაქტიკოსი ადვოკატისათვის საქართველოში.

მუხლი 1. განგრძობადი იურიდიული განათლების მნიშვნელობა და მიზანი

განგრძობადი იურიდიული განათლება გულისხმობს საგანმანათლებლო და საკვალიფიკაციო მოთხოვნების არსებობას ადვოკატებისათვის. განგრძობადი იურიდიული განათლების მიზანია ადვოკატთა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება.

მუხლი 2. განგრძობადი იურიდიული განათლების პერიოდულობა და ხელმისაწვდომობა

2.1. სავალდებულო კრედიტ-საათების დაგროვებისათვის, ვადას ადგენს ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

2.2. საანგარიშო პერიოდის ათვლა იწყება ყოველი წლის 1 იანვრიდან და სრულდება მიმდინარე წლის 20 დეკემბერს.

2.3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ, განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, ორგანიზებულ, სავალდებულო, საგანმანათლებლო ღონისძიებებზე დასწრება ადვოკატებისათვის უფასოა.  აღნიშნული არ გამორიცხავს სხვადასხვა საკითხებზე ფასიანი საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას, რომლებზე დასწრებაც ადვოკატებისთვის ნებაყოფლობითია.

მუხლი 3. საგანმანათლებლო ღონისძიებებზე რეგისტრაცია

3.1  თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე დარეგისტრირების შემდეგ, ადვოკატი ვერ ახერხებს ღონისძიებაზე დასწრებას, იგი ვალდებულია, მინიმუმ, 7 (შვიდი) დღით ადრე, მიაწოდოს ინფორმაცია ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს.

3.2. ინფორმაციის მიწოდების ვადის დარღვევის და არასაპატიო მიზეზით, საგანმანათლებლო ღონისძიების ორჯერ გაცდენის შემთვევაში, ადვოკატი იხდის საფასურს, ადვოკატი იხდის საფასურს, მიმდინარე წელს დაგეგმილ ფასიან საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

3.3. ფასიანი საგანმანათლებლო ღონისძიების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზატორის მიერ, ხოლო ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ფასიანი საგანმანათლებლო ღონისძიების საფასურს განსაზღვრავს აღმასრულებელი საბჭო.

3.4. საგანმანათლებლო ღონისძიების გაცდენის საპატიო მიზეზად ჩაითვლება ადვოკატის მიერ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე დასწრების შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საგანმანათლებლო ღონისძიებაზე დასწრებას ან/და ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით,რომელიც პირდაპირ მიუთითებს საგანმანათლებლო ღონისძიებაზე დასწრების შეუძლებლობაზე.

3.5 საანგარიშო პერიოდში (მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 20 დეკემბრამდე) უფასო საგანამანათლებლო ღონისძიებაზე განმეორებითი რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.

მუხლი 4. განგრძობადი იურიდიული განათლების სავალდებულო კრედიტ-საათების რაოდენობა და მათი გადანაწილება

4.1. საგანმანათლებლო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, აღმასრულებელი საბჭო მიმდინარე წლის ბოლოს ადგენს სავალდებულო კრედიტ-საათების ოდენობას და განსაზღვრავს სავალდებულო საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩამონათვალს მომდევნო წლისათვის.

4.2. ერთი კრედიტ-საათის ოდენობა განისაზღვრება საგანმანათლებლო ღონისძიების ერთი ასტრონომიული საათით.

4.3. შესაძლებელია დამატებით დაგროვებული კრედიტ-საათების მომდევნო წლის საანგარიშო პერიოდზე გადატანა. გადატანილი კრედიტ-საათების რაოდენობას, სასაწავლო ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე, ადგენს აღმასრულებელი საბჭო.

4.4. კრედიტ-საათების დაგროვება შესაძლებელია, მხოლოდ აღმასრულებელი საბჭოს მიერ აკრედიტებულ ღონისძიებებში მონაწილეობით.

4.5 აღმასრულებელ საბჭოს უფლება აქვს კალენდარული წლის დასაწყისში განსაზღვროს წლის პრიორიტეტული მიმართულებები, საკითხის აქტუალურობის და პროფესიაში სიახლის დანერგვის მიზნით და ამ კონკრეტულ კალენდარულ წელს, არ გასცეს აკრედიტაცია შერჩეული პრიორიტეტული საგნის სწავლებაზე,  განგრძობადი იურიდიული განათლების პროვაიდერ ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციაზე.  აღმასრულებელი საბჭოს მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული წესი ასევე გავრცელდება ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციონალური აკრედიტაციის მქონე ინსტიტუციებზე.

მუხლი 5. განრძობადი იურიდიული განათლების სპეციალიზაცია

ადვოკატებისთვის გ.ი.გ-ის ფარგლებში დაგეგმილი საგანამანათლებლო ღონისძიებები არ არის განსაზღვრული სპეციალიზაციების მიხედვით, შესაბამისად მათ ეძლევა თავისუფალი არჩევანის უფლება, ინტერესის სფეროდან გამომდინარე, თავად განსაზღვრონ, სავალდებულო ღონისძიებების გარდა, რომელ ღონისძიებებზე დასწრებით დააგროვებენ სავალდებულო კრედიტ-საათებს.

მუხლი 6. კრედიტ-საათების დაჯამების სისტემა

6.1. ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს, სავალდებულო კრედიტ-საათების დაჯამების ორგანიზებას უზრუნველყოფს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი.

6.2. კრედიტ-საათების დაჯამება ხდება მიმდინარე წლის მანძილზე საგანამანათლებლო ღონისძიებების ორგანიზატორების მიერ, წარმოდგენილი მონაწილეთა აღრიცხვის ფორმის საფუძველზე.

6.3. შედეგების დაფიქსირება ხდება პროგრამულად, ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საერთო სიაში, თითოეული ადვოკატის პირად საინფორმაციო ბაზაში შეტანის გზით.

მუხლი 7. სანქციები ...-ის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში

7.1. აღმასრულებელი საბჭო აწესებს ადმინისტრაციულ სანქციებს იმ შემთხვევაში თუ ადვოკატი არ დააკმაყოფილებს განგრძობადი იურიდიული განათლების მოთხოვნებს.

7.2. თუ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მონაცემებით დადგინდა, რომ საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე (მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე) ადვოკატმა ვერ დააგროვა სავალდებულო კრედიტ-საათები,  სასწავლო ცენტრი, აღმასრულებელი საბჭოს სახელით, კრედიტ-საათების დავალიანების მქონე ადვოკატებს უგზავნის “გაფრთხილებას” და აძლევს შეტყობინების მიღებიდან 3 თვიან ვადას, განგრძობადი იურიდიული განათლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აღნიშნულ პერიოდში ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს საგანამანათლებლო ღონისძიებებს, რომლებზე დასწრებაც, კრედიტ-საათების დავალიანების მქონე, ადვოკატებისთვის ფასიანია. ფასიანი საგანამანათლებლო ღონისძიების ღირებულება განისაზღვრება ღონისძიების ორგანიზატორის მიერ. სამი თვის გასვლის შემდეგ, სასწავლო ცენტრი წარუდგენს აღმასრულებელ საბჭოს კრედიტ-საათების დავალიანების მქონე ადვოკატთა საბოლოო სიას და აღმასრულებელი საბჭო იმსჯელებს კრედიტ-დავალიანების მქონე ადვოკატთა უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე.

7.3. უფლებამოსილების აღდგენა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადვოკატი აღმასრულებელი საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში მონაწილეობას მიიღებს, ფასიან საგანმანათლებლო ღონისძიებაში და გადაიხდის დამატებით გადასახადს, რომლის ოდენობაც განისაზღვრება მისი საწევროს ნახევარი თანხით.

მუხლი 8. სავალდებულო კრედიტ–საათების დაგროვება სტატუსის მიხედვით

8.1 ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრები, სავალდებულო კრედიტ–საათებს აგროვებენ საანგარიშო პერიოდში, მიმდინარე წლის, 1 იანვრიდან 20 დეკემბრამდე, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ, დადგენილი სავალდებულო კრედიტ-საათების ოდენობისა და სავალდებულო საგანმანათლებლო ღონისძიებების მიხედვით.

8.2 ადვოკატის უფლებამოსილებაშეჩერებული წევრები, რომლებიც მიმდინარე წელს აღიდგენენ ადვოკატის სტატუსს, სავალდებულო კრედიტ–საათებს აგროვებენ მე–8 მუხლის 8.1 პუნქტის მიხედვით. მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდის, 30 ნოემბრის შემდეგ, ადვოკატის უფლებამოსილების აღდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კრედიტ–საათების დაგროვება ხდება მომავალი წლის საანგარიშო პერიოდში, 1 იანვრიდან 20 დეკემბრამდე.

8.3 ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების წელს, ადვოკატებმა, სავალდებულო კრედიტ–საათები უნდა დააგროვონ მიმდინარე წლის სააგნარიშო პერიოდში, ახლადგაწევრიანებული წევრებისთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ.

მუხლი 9. განგრძობადი იურიდიული განათლების შეღავათების სისტემა

9.1. განგრძობადი იურიდიული განათლების წესები  ვრცელდება  ყველა პრაქტიკოს ადვოკატზე, მაგრამ სხვადასხვა საქმიანობის ან აქტივობის განხორციელების შედეგად, გათვალისწინებულია კრედიტ-საათების დაგროვებისთვის  გარკვეული შეღავათები და ვრცელდება შემდეგი კატეგორიის ადვოკატებზე რომელთაც:

  • მინიჭებული აქვთ პროფესორის სტატუსი და/ან ეწევიან საგანმანათლებლო საქმიანობას (ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ტრენინგების ჩატარების გზით);
  • თავიანთი ავტორობით, რეფერირებად ჟურნალში განთავსებული აქვთ იურიდიული შინაარსის პუბლიკაცია;
  • ქართულ ენაზე ნათარგმნი აქვთ იურიდიული ნაშრომები/დოკუმენტები;
  • თავიანთი ავტორობით გამოცემული აქვთ იურიდიული შინაარსის წიგნი;
  • მიმდინარე წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციებში და წარმოადგენენ ასეთი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთს; მიმდინარე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიენიჭათ დოქტორის ხარისხი;
  • ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, არ შეუძლიათ საგანამანათლებლო ღონისძიებებზე დასწრება. (აღნიშნულ შემთხვევაში ადვოკატმა, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის სახელზე, უნდა წარმოადგინოს განცხადება და ცნობა ჯანმრთელობის შესახებ).

9.2 მე–9 მუხლის 9.1 პუნქტით გათვალისწინებულ და სხვა შემთხვევებში, ადვოკატებზე შეღავათების გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას, ანგარიშის სახით, საგანმანათლებლო საბჭო წარუდგენს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს.