გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესები

ელექტრონულ ადვოკატთა  საკვალიფიკაციო

გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების

წ ე ს ე ბ ი

  1. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები

1.1.   ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

1.2.   უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება პირი, თუ მას დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით, “სამართლმცოდნეობა” ან “საერთაშორისო სამართალი” და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს, “იურისტის” კვალიფიკაცია საქართველოში.

1.3.   საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარების მსურველმა გამოცდაზე რეგისტრაციისას, უნდა წარმოადგინოს ცნობა/წერილი “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან”, მისი დიპლომის აღიარების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გაცემულია 1991 წლამდე.

  1. რეგისტრაცია

2.1. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით, აპლიკანტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით (online რეჟიმში),  რეგისტრაციის გამოცხადებიდან მინიმუმ 14 დღის განმავლობაში. საბუთების მიღების ბოლო დღეს რეგისტრაციის ფუნქცია პროგრამულად ითიშება და დაგვიანებით შემოსული საბუთები არ მიიღება.

2.2 ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიზნით, აპლიკანტი ვალდებულია გადაიხადოს გამოცდაზე რეგისტრაციისთვის განსაზღვრული საფასური. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია, პირადი განცხადების საფუძველზე,  გამოცდის რეგისტრაციის საფასურის გადახდისაგან გაათავისუფლოს აპლიკანტი.

2.3 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტის მოთხოვნა გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდება.

2.4 რეგისტრაციის გავლა ერთდროულად ორ სპეციალიზაციაზე დაუშვებელია.

2.5 გამოცდაზე რეგისტრაციისთვის აპლიკანტმა ელექტრონულ პორტალში უნდა ატვირთოს:

2.5.1უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი საბუთი დიპლომი და/ან ცნობა;

2.5.2 პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

2.5.3 ფერადი ფოტოსურათი;

2.5.4 გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2.6 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტი მიიღებს შეტყობინებას გამოცდაზე წარმატებით ან წარუმატებლად დარეგისტრირების შესახებ აპლიკანტის პორტალში და ასევე ელექტრონულ ფოსტაზე.

2.7 თუ აპლიკანტი ვერ აკმაყოფილებს დადგენილ  მოთხოვნებს ან წარმოდგენილი საბუთები არ შეესაბამება დადგენილ წესს, აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება.

  1. გამოცდების ჩატარების ენა

ადვოკატთა საკვალიფიაციო გამოცდები ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზურ ენაზე.

  1. გამოცდის სახეები

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები ტარდება  სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთო  სპეციალიზაციის განხრით.

  1. საგამოცდო კითხვების შეფასება და გამსვლელი ქულა

5.1. თითოეული საგამოცდო კითხვის სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი 0 ქულით.

5.2. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის  მინიმალური შეფასება არის 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური შეფასება 100 ქულა.

5.3. აპლიკანტს, რომელიც გამოცდაზე  მოაგროვებს 75 ან მეტ ქულას, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაეთვლება ჩაბარებულად.

  1. 6. გამოცდაზე გამოუცხადებლობა

6.1 ადვოკატთა გამოცდების მომზადებისა და ჩატარების სამდივნო არ ითვალისწინებს გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიზეზს და არ აკმაყოფილებს აპლიკანტის მოთხოვნას დამატებითი გამოცდის  ჩატარების შესახებ,

6.2 აპლიკანტი დაიშვება მომდევნო  გამოცდაზე, რისთვისაც საჭიროა ხელახალი რეგიატრაცია და გამოცდის საფასურის ხელახლა გადახდა.

6.3 ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია 6.2 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის საფასურისგან, პირადი განცხადების საფუძველზე, გაათავისუფლოს აპლიკანტი, საპატიო მიზეზის არსებობოს შემთხვევაში.

  1. გამოცდების ჩაბარება ხელმეორედ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება პირს ეძლევა შეუზღუდავად.

გამოცდის მიმდინარეობის პროცესი

  1. გამოცდაზე გამოცხადების დრო

8.1.  გამოცდის დღეს აპლიკანტი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე, აპლიკანტის პორტალში და/ან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებულ დროს.

8.2. აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო სესიის კოდი. პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და საგამოცდო სესიის კოდის გარეშე აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება.

8.3. საგამოცდო სესიის კოდის წარდგენის შემდეგ, აპლიკანტი გაივლის რეგისტრაციას საგამოცდო დარბაზში შესასვლელად. აპლიკანტთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ იხურება საგამოცდო დარბაზში შესასვლელი კარი და დაგვიანებით მოსული აპლიკანტები  გამოცდაზე არ დაიშვებიან.

  1. გამოცდის მსვლელობისას საკანონმდებლო მასალისა და სხვა ნივთების გამოყენების აკრძალვა

9.1. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე აპლიკანტს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. აპლიკანტი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოყენებაში მოიხსნება გამოცდიდან  და დაეწერება შეფასება 0.

9.2.   აპლიკანტს არა აქვს უფლება საგამოცდო დარბაზში შეიტანოს აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებები. აპლიკანტი, რომელიც შემჩნეული იქნება ასეთი საშუალებების გამოყენებაში მოიხსნება გამოცდიდან  და დაეწერება შეფასება 0.

9.3 აპლიკანტს არა აქვს უფლება საგამოცდო დარბაზში შეიტანოს ჩანთა/კონტეინერი ან სხვა ნივთი გარდა პირადობის მოწმობის და საგამოცდო სესიის კოდის ფურცლისა. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში აპლიკანტი მოიხსნება გამოცდიდან  და დაეწერება შეფასება 0.

9.4 საგამოცდო დარბაზში შესვლამდე აპლიკანტს ჩამოერთმევა ყველა აკრძალული ნივთი და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების სამდივნო არ აგებს პასუხს აპლიკანტის ნივთების შენახვაზე.

  1. საგამოცდო დარბაზში შესვლის უფლება

10.1. საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ შემდეგი პირები: გამოცდის აპლიკანტები, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, გამოცდის დამკვირვებლები და გამოცდების ჩატარების სამდივნოს მიერ გაცემული, სპეციალური საშვის მქონე პირები.

10.2. უცხო პირთა შესვლა საგამოცდო დარბაზში აკრძალულია.

  1. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი

11.1. საგამოცდო დარბაზში შესვლამდე ყველა აპლიკანტი იღებს ადგილის ნომრის აღმნიშვნელ ბარათს და ამ ნომრის მიხედვით იკავებს ადგილს დარბაზში.

11.2. აპლიკანტს არა აქვს უფლება საგამოცდო დარბაზში თვითნებურად დაიკავოს ადგილი, ასეთ შემთხვევაში აპლიკანტი მოიხსნება გამოცდიდან  და დაეწერება შეფასება 0.

  1. გამოცდის მიმდინარეობის პროცესში საგამოცდო დარბაზიდან გასვლის წესი

12.1.  გამოცდის მიმდინარეობის პროცესში  აპლიკანტს  უფლება აქვს 2 ჯერ დატოვოს საგამოცდო დარბაზი, მხოლოდ 4 წუთით. დარბაზის დატოვების შემთხვევაში აპლიკანტი ერთ-ერთ დამკვირვებელთან ტოვებს თავის საგამოცდო სესიის კოდის ფურცელს, რომელზეც ფიქსირდება საგამოცდო დარბაზიდან გასვლის დრო.

12.2 საგამოცდო დარბაზიდან გასვლის წესის დარღვევის შემთხვევაში აპლიკანტი მოიხსნება გამოცდიდან  და დაეწერება შეფასება 0.

  1. გამოცდის ხანგრძლივობა

13.1. გამოცდის  ჩასაბარებლად აპლიკანტს ეძლევა 6 საათი.

13.2. აპლიკანტები ორჯერ მიიღებენ ზეპირ გაფრთხილებას, საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ, დროის ამოწურვამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე.

13.3. საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ საგამოცდო ნაშრომი პროგრამულად გასწორდება, არსებული მომენტის მდგომარეობით.

  1. გამოცდის მონიტორინგი

14.1. გამოცდის ჩატარებისას უზრუნველყოფილია საჯაროობა და საზოგადოების მხრიდან კონტროლი.

14.2. გამოცდის მსვლელობას აკვირდებიან მოწვეული დამკირვებლები და საგამოცდო დარბაზში მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი.

  1. წესების გაცნობა და ინსტრუქტაჟი

15.1.  გამოცდის დაწყების წინ გამოცდების ჩატარების სამდივნოს წარმომადგენელი აპლიკანტებს აცნობს გამოცდაზე ქცევის წესებს და ატარებს ინსტრუქტაჟს.

15.2. ინსტრუქტაჟის მოსმენის შემდეგ ყველა აპლიკანტისთვის ერთდროულად დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა.

  1. საგამოცდო კითხვების ელექტრონული კრებული

16.1. საგამოცდო კითხვების ელექტრონულ კრებულში მოცემულია 100 საგამოცდო კითხვა. თითოეული საგამოცდო კითხვა შედგება ფაბულისა და 4 სავარაუდო პასუხისგან.

16.2. საგამოცდო კითხვას აქვს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი.

16.3. საგამოცდო კითხვების კრებული, წარმოადგენს ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკუთრებას და მისი რაიმე ფორმით დაკოპირება აკრძალულია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში აპლიკანტის საგამოცდო ნაშრომი არ გასწორდება და დაეწერება შეფასება 0.

  1. გაფრთხილების ოქმი

17.1 აპლიკანტის მიერ გამოცდაზე ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში დგება გაფრთხილების ოქმი, რომელსაც ავსებს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი.

17.2. გაფრთხილების ოქმში აღინიშნება აპლიკანტის პირადი მონაცემები და ქცევის წესების დარღვევის კატეგორია.

17.3.გაფრთხილების ოქმს ხელს აწერს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი და გამოცდის დამკვირვებელი.

17.4. საჭიროების შემთხვევაში, გაფრთხილების ოქმს თან ერთვის გამოცდის მსვლელობის ვიდეო ჩანაწერი.

  1. სანქციები

18.1. ქცევის წესების დარღვევის კატეგორიით განისაზღვრება აპლიკანტის მიმართ განსახორციელებელი სანქციის ფორმა.

18.2. სანქციის ფორმებია: გაფრთხილება და გამოცდიდან მოხსნა. გამოცდიდან მოხსნის შემთხვევაში აპლიკანტის საგამოცდო ნაშრომი გაუქმდება.

  1. სხვა დარღვევები

19.1. წინამდებარე დოკუმენტში ასახული დარღვევების გარდა, ქცევის წესების დარღვევად ასევე ჩაითვლება: დამკვირვებლის მითითების დაუმორჩილებლობა, გადაწერა, კარნახი და სხვა აპლიკანტებთან გადალაპარაკება. აღნიშნული დარღვევების შემთხვევაში, დამკვირვებელი აძლევს აპლიკანტს ზეპირ გაფრთხილებას, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში ივსება გაფრთხილების ოქმი.

  1. გამოცდის შედეგების შემოწმება
    გამოცდის დასრულებისთანავე ეკრანზე გამოჩნდება აპლიკანტის მიერ გამოცდაზე მიღებული ქულათა რაოდენობა.
  1. გამოცდის შედეგების გამოქვეყნება

21.1. გამოცდის შედეგები (აპლიკანტის სახელი და გამსვლელი ქულა) უნდა გამოქვეყნდეს.

21.2. გამოცდის შედეგების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების სამდივნო.

21.3. გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება საჩივრების მიღების პირველივე დღეს ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ოფისებში.

21.4. აპლიკანტს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას გადაეცემა სერტიფიკატი.

გამოცდის შედეგის გასაჩივრება

  1. გასაჩივრების უფლება

22.1.  აპლიკანტს, რომელიც ვერ დააგროვებს გამსვლელ ქულათა საკმარის რაოდენობას, უფლება აქვს გაასაჩივროს  გამოცდის შედეგი, გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.

22.2. გასაჩივრება ხდება ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ოფისში, სპეციალურად გასაჩივრებისთვის განკუთვნილ დარბაზში.

22.3.  გასაჩივრებისთვის განკუთვნილ დარბაზში აპლიკანტების და დამკვირვებლების გარდა სხვა პირთა დაშვება აკრძალულია.

  1. გასაჩივრების ვადები

23.1  გამოცდის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს სამივე სპეციალიზაციის გამოცდების დამთავრებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, დილის 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, თუ  ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.

23.2. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.

  1. საჩივრის ფორმა

24.1. გასაჩივრების მიზნით აპლიკანტის პორტალში ივსება ელექტრონული განაცხადი, რომელსაც თან დაერთვება დასაბუთებული საჩივარი.

24.2 განაცხადი საჩივართან ერთად განსახილველად გადაეცემა სამართლის ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც 4 კვირის განმავლობაში განიხილავს შემოსულ საჩივარს.

  1. გასაჩივრების მონიტორინგი

გასაჩივრების პროცესის მონიტორიგს ახორციელებს ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი, სპეციალურად გამოყოფილი დამკვირვებლების მეთვალყურეობით.

  1. ექსპერტთა ჯგუფი

26.1. ექსპერტთა ჯგუფის წევრთა ვინაობა საჩივრის შედეგების გამოქვეყნებამდე კონფიდენციალურია.

26.2. ექსპერტთა ჯგუფი არ განიხილავს საჩივარს, აპლიკანტის მიერ დაშვებული, მექანიკური შეცდომების შესახებ.

26.3. საჩივარი განიხილება საჩივრის ავტორის გარეშე.

26.5. სამართლის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში,  კანონით დადგენილი წესით.

  1. გასაჩივრების შედეგი

გასაჩივრების პროცესის დასრულების შემდეგ შედეგები გამოქვეყნდება ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ოფისებში.