ადვოკატთა საყურადღებოდ!

საერთაშორისო კონფერენცია: „არბიტრაჟის დღეები 2017“

თბილისი. 2-3 ოქტომბერი  2017 – სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში (თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი 1)  რიგით მე-4  საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები“ გაიმართება.

ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზატორია  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC). ღონისძიება იმართება    ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.

„არბიტრაჟის დღეები„-ის  გახსნის ცერემონიალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო არბიტრები ჩამოვლენ.

საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები“ წარმოადგენს პლატფორმას პრაქტიკული იურისტებისთვის, პროფესიონალი არბიტრებისთვის და სხვადასხვა დარგის აკადემიკოსებისთვის მთელი მსოფლიოდან. საკომუნიკაციო პლატფორმა მათ დინამიური დისკუსიის, გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული მაგალითების ერთობლივი განხილვის საშუალებას აძლევს.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება ICDR Y&I – ICC YAF-ის გაერთიანებული სესია თემაზე – იმიტირებული არბიტრაჟი – ჯვარედინი დაკითხვა, რომლისთვისაც ცალკე რეგისტრაციის გავლა არის საჭირო.

წლევანდელ ღონისძიებას ორმოცამდე საერთაშორისო არბიტრაჟის სპეციალისტი დაესწრება, მათ შორის: დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და საქართველოდან. ამასთანავე, კონფერენციას დაესწრებიან მოსამართლეები საქართველოდან და ევროპიდან.

დავების ალტერნატიული მოგვარება (ADR) მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სასამართლოების დატვირთვას, ამცირებს დავების მოგვარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს და უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას. არბიტრაჟი დავების ალტერნატიული მოგვარების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც განსაკუთრებით მომგებიანია კერძო სექტორისათვის. საქართველოში დავების ალტერნატიული მოგვარება ახლა იკიდებს ფეხს, რამაც განაპირობა არბიტრაჟთან დაკავშირებული ღონისძიებების  ჩატარების აუცილებლობა.

ამასთანავე, კონფერენცია აკრედიტირებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და მას მინიჭებული აქვს 10 კრედიტი.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ  დარეგისტრირდნენ კონფერენციის საიტზე www.giacarbitrationdays.ge ან დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: giacarbitrationdays@giac.ge